ახალციხელი პატარა გამომგონებლები, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოსმოსურ ცენტრში, ნასაში გასამგზავრებლად ემზადებიან. ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი საკუთარ გამოგონებას – მულტიკლიმატიზატორს მსოფლიოს გააცნობენ.
შეხვედრის ადგილი ირაკლი კაპანაძის სახლია. მულტიკლიმატიზატორი, რომელიც ორმა მეგობარმა გამოიგონა, სწორედ აქ ინახება. ყოველდღიურად კი ბიჭები ერთ ოთახში იკრიბებიან და გამგზავრებამდე დანადგარს, კიდევ ერთხელ ამოწმებენ. ისინი 2 აპრილს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოსმოსურ ცენტრში, NASA-ში, საკუთარ გამოგონებას მსოფლიოს გააცნობენ. საერთაშორისო კონკურსზე, სამას საუკეთესო გამოგონებას შორის მათიც შემოწმდება.
კარლო ხუციშვილი და ირაკლი კაპანაძე მულტიკლიმატიზატორის შესაქმენლად რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. გამომგონებლებმა დანადგარის ასაწყობად საჭირო მასალა საზღვარგარეთიდან, ინტერნეტით გამოიწერეს და ინოვაციური მოწყობილობა შექმნეს. ახალგაზრდების თქმით, მათი გამოგონების მეშვეობით, ფერმერებს ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო მოსავალი აღარ გაუფუჭდებათ. მულტიკლიმატიზატორი მათ მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2–3 დღით ადრე შეატყობინებს. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის გაზომვა.
ირაკლი კაპანაძესა და კარლო ხუციშვილს ინსტრუქტაჟს ირაკლის მამა უწევს. ნუგზარ კაპანაძე ბიჭებს ეხმარება და ტექნიკურ საკითხებს უგვარებს. NASA-ში ახალგაზრდა გამომგონებლებთან ერთად ნუგზარ კაპანაძეც გაემგზავრება. მისი თქმით, ეს მხოლოდ ორი ადამიანის წარმატება არ არის. საქართველო მსგავს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას პირველად იღებს, ეს კი ქვეყნისათვის დიდი მიღწევაა.
ახალციხელმა გამომგონებლებმა მულტიკლიმატიზატორი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ კონკურსისთვის შექმნეს, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით, 88 გუნდმა მიიღო. კარლო ხუციშვილმა და ირაკლი კაპანაძემ მათ შორის პირველი ადგილი დაიკავეს. რამდენიმე დღეში კი ისინი ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე, საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სახელს გაიტანენ.
|