ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ფერმერული მეურნეობისა თუ მსხვილი აგრობიზნესის განვითარებას ემსახურება. “ საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი“ საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ფერმერები და მექანიზაციის მომსახურების ცენტრები დაფინანსდებიან.
შეხვედრას ფერმერები და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ კითხვებზე შესაბამისი განმარტებები მოესმინათ. ახალგაზრდა ფერმერი გიორგი ელიოსიძე ფიქრობს, რომ თავიანთი საქმიანობის გააფართოების მიზნით, მათთვის ეს კარგი შეთავაზებაა.
კონკურსის შესახებ ინფორმაციას ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო მიაწვდის. დაინტერესებულ პირებს შესავსები განაცხადების ფორმების მიღებაც სწორედ აქ შეეძლებათ.
საგრანტო კონკურსის შესახებ ფერმერებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. საინფორმაციო პრეზენტაცია უკვე შედგა თელავში, გორში, ახალციხესა და ქუთაისში. ფერმერებთან შეხვედრები ასევე გაიმართება ამბროლაურში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში.
|