როგორი სასმელი წყალი მიეწოდება ადგილობრივებს?–ამასთან დაკაშირებით „მეცხრე არხი“–ს საინფორმაციო ჯგუფმა, ახალციხეში გამოკითხვა ჩაატარა. მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნა, რომ წყალი სასმელად უვარგისია და დაბინძურებული მოდის, გარკვეულმა ჯგუფმა კი წყლის ხარისხი დადებითად შეაფასა
უვარგისი, დაბინძურებული, ზედმეტად ქლორიანი –ასე აფასებს ახალციხის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სასმელ წყალს. მათი თქმით, ონკანის წყალი სასმელად უვარგისია, რის გამო მისი ყიდვა უწევთ. მოსახლეობის ნაწილი კი ფიქრობს, რომ წყალი ნორმალურია, თუმცა სითხეში ქლორის შემცველობა მაღალია. ადგილობრივები სამცხე–ჯავახეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას საკითხით დაინტერესებისა და პრობლემის გამოსწორებისკენ მოუწოდებენ.
მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფენ სამცხე–ჯავახეთის გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიაში. რეგიონული ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტის თქმით, წყლის გამოკვლევა ყოველდღიურად მიმდინარეობს. ირინა ჯვარიძის განმარტებით, თავდაპირველად ანალიზების აღება საკონტროლო წერტილებზე ხდება, შემდგეგ კი სპეციალისტები ორგანულ–ოპტიკურ, ქიმიურ–ფიზიკურ და თვეში ერთხელ, ბაქტერიულ გამოკვლევას აწარმოებენ. რაც შეეხება წყალში ქლორის მაღალ დონეს, ირინა ჯვარიძე აცხადებს, რომ ლაბორატორია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ნორმებით ხელმძღვანელობს, შესაბამისად დაქლორვაც ნორმის ფარგლებში ხდება.
ქალაქს რომ სასმელი წყლის პრობლემა მომდევნო სამ წელიწადში საბოლოოდ მოუგვარდებოდა, ახალციხის მერმა კანდიდატობის პერიოდში ამომრჩევეთან შეხვედრებისას არაერთხელ გააჟღერა. დღეისათვის კი გიორგი კოპაძე აცხადებს, რომ ქალაქში არსებული წყლის სისტემის გაუმართავობაზე პასუხი წყალმომარაგების კომპანიამ უნდა აგოს. ქალაქის თავი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სამცხე–ჯავახეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ვერ გააკონტროლებს, რადგან იგი ცალკე სტრუქტურაა.
ახალციხის მერის თქმით წყლის სისტემის პრობლემის მოგვარება ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მისივე მტკიცებით ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება. გიორგი კოპაძე ამბობს, რომ საკითხის თაობაზე ინფრასტრუქუტრის სამინისტროს ინფორმაცია უკვე მიეწოდა. იგი იმედოვნებს, რომ პრობლემის გადაჭრა ეტაპობრივად დაიწყება.
|