ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელში მცხოვრებ რუსლან ჩუტკერაშვილს, ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეუგროვეს. მას ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროება, რომლის ოპერაციაც 6000 ლარი ჯდება.
32 წლის მამაკაცს, ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილი, ახალციხის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა შეუგროვეს. საჯარო მოხელეებმა აქციის ფარგლებში შგროვებული 1 700 ლარი მას სახლში გადასცეს.
აღნიშნული თანხის გარდა, რუსლან ჩუტკერაშვილს ოპერაციისათვის, მუნიციპალიტეტმა 2016 წლის ბიუჯეტიდან, სოციალური დახმარების გაცემის წესის ფარგლებში, 2 000 ლარი გამოუყო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი 2 000 ლარი ჩაერიცხა. დარჩენილი თანხა სოფელ გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „იმედი“-ის წევრებმა, კარდაკარის პრინციპით შეუგროვეს. შედეგად, რუსლან ჩუტკერაშვილი შესაბამისი პროცედურის ჩატარებას ახლო მომავალში შეძლებს.
ახალგაზრდა მამაკაცი 9 წლის წინ შენობის დემონტაჟის დროს, მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას ხერხემალი და ზურგის ტვინი დაუზიანდა.
თიკო კურტანიძე