#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სვირის #20 საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მეორედ არჩეულ მდივანს უფლებამოსილება შეუწყდათ. წინადადებას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა.
საკითხი დღეს, 10 სექტემბერს ახალციხის საარჩევნო ოლქში განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა სვირის საუბნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, პირველად და მეორედ არჩეული მდივნებისა და წევრების ახსნა–განმარტება განიხილა. ყველა მათგანი ადასტურებს, რომ კომისიის წევრებმა ნათელა ბიბილური ერთხმად დაასახელეს და მის კანდიდატურას კენჭი უყარეს. თუმცა ნაწილი აცხადებს, რომ ბიბილურმა მდივნობაზე უარი სხდომის დასრულების შემდეგ თავადვე განაცხადა, ამიტომ ახალ მდივნად ეკატერინე ხალაძე აირჩიეს. ამ პროცესს საუბნო კომისიის წევრების წევრების ნაწილი და საოლქო კომისიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ახალი სხდომის მოწვევა, ნათელა ბიბილური პოზიციიდან გადადგომა და ეკატერინე ხალაძის არჩევა დოკუმენტებში ასახული არ არის.
სვირის საუბნო კომიის წევრების ნაწილი და მათ შორის ნათელა ბიბილურიც ირწმუნებიან, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მასთან “ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის უფროსი გიორგი გვარამაძე მივიდა და პოზიციის დატოვება კატეგორიულად მოთხოვა, რაზეც ბიბილურმა განუცხადა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, მდივნობაზე უარს იტყოდა. თუმცა მას ამის შესახებ საუბნო კომისიისთვის განცხადებით არ მიუმართავს. შესაბამისად დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, კომისიის მდივანად ეკატერინე ხალაძე აირჩიეს, საოლქო კომისიამ ბათილად ცნო და ძალაში დატოვა დოკუმენტი, რომელმაც საოლქო კომისიამდე ვერ მიაღწია. ამ დოკუმენტის მიხედვით კომისიის მდივანი ნათელა ბიბილურია.
სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ კაპანაძემ განაცხადა, რომ პოზიციის დატოვება მასაც სურს, თუმცა კომისიისთვის განცხადებით ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს, ამიტომ იგი ამ დროისათვის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. თეა გავაშელის განმარტებით, ხელმეორედ შეიკრიბება კომისია, სადაც სვირის საარჩევნო უბანზე ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება.
თიკო კურტანიძე