8 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, მერობის/გამგებლობის კანდიდატის საბუთებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს, რომელმაც წარდგენიდან ორი დღის ვადაში და არჩევნებამდე არაუგვიანეს 28 დღისა, კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში უნდა გაატაროს.
გარდა ამისა, პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს პარტიულ სიას წარუდგენს, ასევე, პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ცესკოს წარუდგინოს.
„8 სექტემბერი საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესის ბოლო ვადაა. არჩევნებში ჩართულ მხარეებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს მინდა შევახსენო, რომ 8 სექტემბრის 18:00 საათზე სრულდება საარჩევნო სუბიექტების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა“-განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 8 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნებიც იმართება.
თიკო კურტანიძე