28 აგვისტოს მართლმადიდებლები მარიამობას ზეიმობენ. დღესასწაული აღინიშნა ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი
მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის
შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ
ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს მასთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა წმინდა მარიამის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა საუსუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.
ეკლესია ამიტომ ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. მარიამობას წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს დასრულდა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე