სპორტი
კრივის მწვრთნელი მესამე სკოლის დარბაზს ტოვებს
გევორქ შუშანიანის 30-მა მოსწავლემ ვარჯიში შეწყვიტა. მიზეზი დარბაზია, რომელსაც კრივის მწვრთნელი ბოლო რამდენიმე დღეა ცლის. შუშანიანის თქმით, ქალაქში ვერ იპოვა ფართი, სადაც ინვენტარს გადაიტანდა და მოსწავლეებს ავარჯიშებდა.

კრივის მწვრთნელი ახალგაზრდებს #3 სკოლის დარბაზში 26 წელია ავარჯიშებს. ამბობს, რომ მწვრთნელის კარიერა შეწყვიტა და სპორტიდან ბიზნესში მიდის. იგი მოსწავლეებს აგვისტოში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებდა. ახალგაზრდა მოკრივწეერბი ასპარეზობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ვარჯიშს განაახლებენ.

შუშანიანი დარბაზში ინვენტარს ტოვებს. იმედოვნებს, რომ ფართს ისევ სპორტსმენი იქირავებს და მისი მოსწავლეების ვარჯიშისთვის გამოიყენებს.
„ბავშვები ელაპარაკნენ სკოლის დირექციას, რომ რინგი და ყველქაფერი დარჩეს. თუ დირექტორი თანახმა არ არის, მასშინ უნდა წავიღო ყველაფერი“, - ამბობს გევორქ შუშანიანი.

როდის გაიტანენ აუქციონზე სპორტდარბაზს - ამაზე ვერ საუბრობს სკოლის დირექტორი. სუსანა აკოფოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვიზიტს ელის.
„ხვალ, პირველ მაისს ჩამოვლენ თბილისიდან და ჩავიბარებთ დარბაზს. ინვენტარი არ მინახავს. ხვალ მეცოდინება დეტალები. ჯერ არც ის ვიცი, როდის გავიტანთ აუქციონზე. ვნახოტ რა მოხდება“, - გვითხრა სუსანა აკოფოვამ.

ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა ამბობს, რომ კრივის მწვრთნელმა დარბაზთან ერთად, რამდენიმე ოთახი და სარდაფი ჩაკეტა. ორი წელია ამ სივრცის გამო დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მოკრივე გევორქ შუშანიანმა დარბაზი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიკავა.

სკოლის დირექტორის მტკიცებით, კრივის მწვრთნელს ვადაგასული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირა - 67 ლარი ორი წელია არ გადაუხდია. ის არც კომუნალურ გადასახადებს ანაზღაურებს, რაც დირექციის მტკიცებით, სკოლას თვეში საშუალოდ, 500 ლარი უჯდება.


| Print |