კრივის მწვრთნელი სადავო დარბაზის მიღმა დირექტორის ინტერესებს ხედავს.
ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა, სკოლის შენობის ნაწილში ვერ შედის. ამბობს, რომ კრივის მწვრთნელმა დარბაზთან ერთად, რამდენიმე ოთახი და სარდაფი ჩაკეტა. ორი წელია ამ სივრცის გამო დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მოკრივე გევორქ შუშანიანმა დარბაზი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიკავა.
გევორქ შუშანიანი 26 წელია ახალგაზრდებს კრივში #3 სკოლის დარბაზში ავარჯიშებს. ამჟამად, 30 მოსწავლე ჰყავს და თითოეული თვეში 30 ლარს იხდის თუმცა, არა სისტემატურად.
ორი წლის წინ დარბაზი გაარემონტა და ახალი ინვენტარი, მათ შორის პროფესიული რინგი დაამონტაჟა. სავარჯიშო სივრცის მოწყობაზე მწვრთნელმა პირადი დანაზოგი, 25 000 ლარი დახარჯა.
„რომ გავალ ასე არ დავტოვებ. იატაკსაც ავიღებ და სადაც შევალ იქ მოვაწყობ. დირექტორის პრინციპებისთვის უნდა დაინგრეს ეს დარბაზი?“ - ამბობს გევორქ შუშანიანი.
სკოლის დირექტორის მტკიცებით, ორი წელია კრივის მწვრთნელს ვადაგასული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირა - 67 ლარი არ გადაუხდია. ის არც კომუნალურ გადასახადებს ანაზღაურებს, რაც დირექციის მტკიცებით, სკოლას თვეში საშუალოდ, 500 ლარი უჯდება.
მწვრთნელი არ უარყოფს, რომ „როცა საქმეს სჭირდება“ ღამეს სამუშაო ოთახში ათევს. მის განკარგულებაშია გასახდელი და სარდაფის ნაწილიც, სადაც ძველ ინვენტარს ინახავს. სუსანა აკოფოვას ბრალდებებზე კი ამბობს, რომ ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადს იხდის და ქვითრები სასამართლოში აქვს წარდგენილი.
„აუდიტმა შეაფასა დარბაზი, ყოველ წელს ხელახლა ვდებდით ხელშეკრულებას. როცა ხელშეკრულება დამთავრდა, სკოლის ანგარიშზე გადავრიცხე ქირა და უკან დამიბრუნდა, მითხრეს ხელშეკრულება არ არის და არ შეიძლებაო. მას შემდეგ არ ვიხდი, სანამ რამე არ გაირკვევა“.
მწვრთნელს ეჭვი აქვს, რომ სკოლის ადმინისტრაციას დარბაზთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს.
„ვფიქრობ, რომ ამ დარბაზში დირექტორის შვილიშვილს ცეკვის წრის გახსნა უნდა“.
სუსანა აკოფოვა ამბობს, რომ შვილიშვილი, რომელსაც ცეკვა უყვარს, მეთორმეტე კლასელია და სწავლის გაგრძელებას ერევანში აპირებს. დარბაზის იჯარის წესით გაცემას კვლავ აპირებს. თანხის ოდენობას აუდიტი დაადგენს. მოიჯარეს სკოლა აუქციონის წესით შეარჩევს, მსურველებს კი სპეციალური კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს. აუქციონში მონაწილეობას სუსანა აკოფოვა გევორქ შუშანიანსაც სთავაზობს. მწვრთნელი ამბობს, რომ თუ სკოლიდან გასვლა მოუწევს, სავარაუდოდ, უკან აღარ დაბრუნდება.
„თუ ამბობს, რომ ისევ კრივის დარბაზი შეიძლება იყოს, მაშინ ამას რაღას მანგრევინებს?“
გევორქ შუშანიანი საკუთარი სახსრებით მოწყობილ სადავო დარბაზში
დარბაზის შესახებ დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში სკოლის სასარგებლოდ დასრულდა.
„აგვისტოში, თბილისში 2005-2006-წლიანებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. სტიოპა კაჭკაჭიშვილი ყოჩაღი ბავშვია. კარგად „სპარინგობს“ და მინდა წავიყვანო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, როგორ წავიყვან? ვარჯიშზე ვიფიქროთ თუ იმაზე, სად წავიღოთ ინვენტარი“.
მოსწავლეებთან ერთად, დარბაზში ყოფილი მოკრივეებიც ვარჯიშობენ. მწვრთნელის მსგავსად ისინიც ფიქრობენ, რომ სკოლის შენობას ფინანსური საკითხის გამო არ აცლევინებენ.
მწვრთნელი ადგილობრივ ხელისუფლებასაც საყვედურობს. გევორქ შუშანიანის თქმით, მოკრივეებს არც ღონისძიებებზე იწვევენ და ტურნირებში მონაწილეობის ფინანსურ მხარდაჭერაზეც უარს ეუბნებიან.
„რამდენჯერ ვუთხარი შეჯიბრია, მოგვეხმარეთ. მერიას ვეუბნები, ჩემი სახელი არ მინდა, ახალციხის სახელია, მთავარია ბავშვები შეჯიბრებებზე წავიდნენ. ჩემპიონატებში რატომ არ უნდა მონაწილეობდეს ჩვენი ქალაქიდან გუნდი? სადაც მივედი მეუბნებიან, ნაციონალი ხარ. ეს არის თავისუფალი საქართველო?“ ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ გევორქ შუშანიანი მათთან არასოდეს მისულა.
„სპორტის წახალისება ჩვენი პრიორიტეტია. ამ ადამიანს ჩვენთვის არასდროს მოუმართავს არც ჩემპიონატებზე მგზავრობის დაფინანსებისთვის და არც ახალციხეში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის“, - გვითხრეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთიბის სამსახურში.
მოპკრივეებმა სკოლის შენობა პირველ მაისამდე უნდა დაცალონ. ვადა აღსრულების ეროვნულმა სააგენტომ, დირექტორთან შეთანხმების საფუძველზე მისცა. გევორქ შუშანიანი ახალციხეში თავისუფალ სარდაფს ეძებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.