რეგიონი
„ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის „სააღდგომო ზავს“ ეხმაურება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სააღდგომოდ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და დაწერა, რომ “შაჰიდები” უკრაინის ცაში - ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი“.
უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია. მისი ინფორმაციით, 17:15 საათზე უკრაინის ცაზე რუსული თავდასხმითი დრონებია დაფიქსირებული.
„უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა“, - წერს ზელენსკი.
19 აპრილს რუსულმა მედიამ კრემლზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა.
„ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ვბრძანებ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება“ - თქვა პუტინმა გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე.
თუმცა, მან ხაზგასმით ისიც აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ კიევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო დარღვევისთვის.
რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევები ამ დრომდე გრძელდებოდა. 18 აპრილ ხარკოვზე შეტევის შედეგად ასამდე ადამიანი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი კი აცხადებდა, რომ "ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და გძულდეს სიცოცხლე, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ქალაქზე დიდ პარასკევს, აღდგომის წინა დღეს".
გააზიარეთ :