რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის?
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი რჩება. საოკუპაციო ძალები ბახმუტის დაკავებას უშედეგოდ ცდილობენ, თუმცა მიზნის მისაღწევად ახლომდებარე დასახლებებს არ ინდობენ და სარაკეტო იერიშები მიაქვთ.
ოკუპანტების სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვში. რუსებმა ქალაქ ვოვჩანსკში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და კერძო სახლს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემით დაარტყეს.
ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება ზაპოროჟიესთან დაკავშირებით. ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლობა ამტკიცებს, რომ რუსულმა არმიამ წინ წაიწია და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, უკრაინის მხარე კი რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას ტყუილს და პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.
უკრაინის პრეზიდენტი რუსული აგრესიის მოსაგერიებლად დასავლეთს სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„მკაფიოდ უნდა გესმოდეთ: როცა რუსული არმია, რომელსაც ათასი ტანკი ჰყავს, ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს, იქ უბრალოდ არავინაა ისეთი, რომ იბრძოლოს, ეშინიათ, არამოტივირებულები არიან. ეს ჩვენთვის პლუსია. მაგრამ როცა მათ შეიარაღებაში აქვთ 1000 ტანკი, ვერც ერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის 10, 20, 50 ტანკის მოცემას გადაწყვეტს, პრობლემას ვერ გადაჭრის. ისინი მხოლოდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ - უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი ღირებულებებისთვის საბრძოლველად მოტივაციას აძლევენ. ქვეყნებმა არ უნდა ეძიონ მიზეზი იმისთვის, რომ უკრაინას ტანკები არ მიაწოდონ. ეს „ლეოპარდები“, თუ ვინმე ამას განიცდის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ გადავა. ჩვენ თავს ვიცავთ. ჩვენ არ გვაინტერესებს მათი მიწა და ხალხი", განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.