უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან 1 წელი გავიდა
უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. ქალაქი, რომლის აღებაც პუტინს 3 დღეში სურდა ისევ დგას. ომის წლისთავზე კიევში უამრავ სტუმარს ელიან. იგეგმება საგანგებო სხდომა რადაში.
ზუსტად ერთი წლის წინ, გამთენიისას, დაახლოებით 6-ის ნახევარზე, პუტინის ბრძანებით, რუსულმა ძალებმა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე პირველი სარაკეტო იერიში მიიტანეს და საოკუპაციო ძალებმა დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი გადალახეს.
რუსული აგრესიის ერთი წლის თავზე ოკუპანტი ქვეყნის მთავარი სამიზნე ისევ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტია. ბრძოლა ქალაქზე კონტროლის მოსაპოვებლად ამ დრომდე გრძელდება.რუსეთი ბახმუტის მიმართულებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას ატარებს. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, დიდია ალბათობა, რომ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაკარგონ. უკრაინულმა ძალებმა მარტო გასული ღამის განმავლობაში რუსული არმიის 90 იერიში მოიგერიეს.