უკრაინელებმა, ერთ დღეში, მტრის 120-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს
უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მტრის 120-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
„გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევის მცდელობები იყო. ამისათვის, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. უკრაინელმა დამცველებმა, აღნიშნული მიმართულებებით, ოკუპანტების 120-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ინფორმაციით, ოკუპანტები ქალაქ ბახმუტზე შტურმს არ წყვეტენ.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 21 საჰაერო და 9 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ერთ-ერთი მათგანი - ქალაქ სლავიანსკში, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა კრამატორსკზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 7 მაღალსართულიანი კორპუსი და 3 კერძო ავტომობილი. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 57-ჯერ გახსნეს.
ამასთან, რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ტერიტორიებზე 12 დარტყმა განახორციელა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 3 ტერიტორიას დაარტყეს.