უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს
უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ბელოგოროვკა, ბახმუტი, ავდიივკა, მარინკა და მათი შემოგარენი. პროფესიული და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ამ მიმართულებებით მტრის 57 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ქვეყნის დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 18 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს.
ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ქალაქ ბახმუტზე შტურმს აგრძელებს. „თუმცა, თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ქალაქს და მტრის შეტევებს იგერიებენ“.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 5 დარტყმა მიაყენა.
„ამავდროულად, ჩვენმა დამცველებმა მტრის კუთვნილი „ორლან-10“ და ZALA-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 6 ტერიტორიას, საზენიტო სარაკეტო სისტემასა და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.