რეგიონი
თბილისი - მოსკოვი - ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდზე ყოველდღიური რეისები გაჩნდა
რუსეთის, ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა.
საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პირდაპირი ფრენები, შესაძლოა, 18 აპრილს განახლდეს. რუსული საიტი წერს, რომ რეისებს თბილისის მიმართულებით Georgian Airways შეასრულებს და ფრენები ყოველდღიურად იქნება.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებასთან დაკავშირებით ოფიციალურად განცხადება ქართული მხარის მხრიდან არ გაკეთებულა. ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც ქართულ ავიაკომპანიას.
23 მარტს "მთავარ არხთან" "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობდა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები შესაძლოა ერთ თვეში განახლებულიყო.
მარტში დუმის დეპუტატმა კალაშნიკოვმა თქვა, რომ რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის განახლებისა და ვიზების გაუქმების ზღვარზეა. წარსულში "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივნამა, კახი კალაძემ თქვა, მიესალმებიან პირდაპირ ფრენებსა და "თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის". პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "თუ რუსეთი სასჯელს მოუხსნის ჩვენს თანამოქალაქეებს, მისასალმებელი იქნება".
გააზიარეთ :