უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევას იწყებს
უკრაინა მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყოს, ამის შესახებ BBC-სთან უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მან არ დაასახელა ზუსტი თარიღი, თუმცა თქვა, რომ რუსული ჯარის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება, შესაძლოა, დაიწყონ ხვალ, ზეგ, ან ერთ კვირაში.
დანილოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს შეცდომის უფლება ამ გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან ეს არის "ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დაკარგვაც არ შეიძლება".
BBC წერს, რომ დანილოვთან ინტერვიუს დროს მაღალჩინოსანს პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაურეკა, რათა კონტრშეტევა განეხილათ. ამასთან, ინტერვიუს დროს დანილოვმა დაადასტურა, რომ "ვაგნერის" ძალების ნაწილი ბახმუტიდან უკვე გავიდნენ, თუმცა ისინი სამ სხვადასხვა ადგილას აპირებენ გადაჯგუფებას.
უკრაინა შეტევაზე გადასვლას უკვე რამდენიმე თვეა, გეგმავს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ჯარის წვრთნა და იღებდნენ საჭირო იარაღს დასავლელი მოკავშირეებისგან. ამავე დროს, თავდაცვისთვის ემზადებოდნენ რუსული სამხედრო ძალებიც.
კითხვაზე, არის თუ არა უკრაინული ჯარი მზად შეტევისთვის, ოლექსი დანილოვმა უპასუხა : "ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, სამშობლოს დასაცავად ყოველთვის მზად ვიყავით და ეს არ არის დროის საკითხი. უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთმა ჩვენს ქვეყანას ისტორიული შესაძლებლობა მისცა და ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხელიდან, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ნამდვილად დამოუკიდებელი, დიდი ევროპული ქვეყანა," - თქვა დანილოვმა.