რუსმა ოკუპანტებმა სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბეს
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცავების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მაშველები და ექიმები მუშაობენ, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით აღიძრა, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს.
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით, ასევე დაბომბეს ზაპოროჟიე, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი "ტელეგრამის" პირად გვერდზე ავრცელებს.
"არაადამიანებმა-ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს. მეორე რაკეტა ღია სივრცეს მოხვდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ორი ადამიანი - მამაკაცი და ქალი. კიდევ ერთმა ქალმა ჭრილობები მიიღო. გულწრფელი მწუხარება გარდაცვლილების ნათესავებსა და ახლობლებს.
აფეთქების ტალღით შუშები ჩაიმსხვრა მრავალსართულიან შენობებში და დაზიანდა სასწავლო დაწესებულებისა და სუპერმარკეტის შენობები," - წერს კურტევი.
მან აღნიშნა, რომ ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და ფსიქოლოგები.