ისრაელის არმია ღაზის მცხოვრებთ ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს
ისრაელის არმიამ, რომელსაც პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასისთვის" ომი აქვს გამოცხადებული, დაადასტურა მანამდე გაეროს არხებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამოქალაქო მოსახლეობამ უნდა დატოვოს ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი ღაზა.
დღეს, 13 ოქტომბერს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივნის, ჯონათან კონრიკუსის ვიდეომიმართვა, რომ ღაზაში მცხოვრებ ყველა სამოქალაქო პირს, მათივე უსაფრთხოებისთვის და დაცვის მიზნით მოუწოდებენ ევაკუაციისა და სამხრეთში, ვადი-ღაზის რაიონში, გადასვლისკენ.
ისრაელის არმიის განცხადებით, „ჰამასი" მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებს და ტერორისტები ქალაქ ღაზაში იმალებიან უდანაშაულო სამოქალაქო პირების სახლებსა და მათ ქვეშ არსებულ გვირაბებში. ისრაელის არმიის თანახმად, ღაზის მცხოვრებნი ქალაქში დაბრუნებას შეძლებენ მას შემდეგ, რაც გავრცელდება ახალი შეტყობინება შესაბამისი ნებართვის შესახებ.
ისრაელის არმიის ამ განცხადებამდე გაერომ გაავრცელა ღაზის სექტორში თავისი წარმომადგენლებისგან მიღებული ცნობა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ მოსთხოვა 24 საათში გადავიდნენ ტერიტორიის სამხრეთში. გაეროს თანახმად, ევაკუაციის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარია.
გაერო მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს.
სავარაუდოა, რომ ღაზის მცხოვრებთათვის ევაკუაციისკენ მოწოდება უკავშირდება ისრაელის გადაწყვეტილებას სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ.