„ჰამასის“ წარმომადგენლის განცხადებით, მძევლებს ცეცხლის შეწყვეტის გარეშე არ გაათავისუფლებენ
„ჰამასი“ მძევლებს მანამ არ გაათავისუფლებს, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ამის შესახებ „კომერსანტთან“ ინტერვიუში, მოსკოვში ჩასული ტერორისტული დაჯგუფების დელეგაციის წარმომადგენელმა განაცხადა.
აბუ ჰამიდის თქმით, „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების შესახებ ომის პირველივე დღეებში განაცხადა, თუმცა მათ სჭირდებათ დრო, რომ ყველა ის მძევალი იპოვონ, რომლებიც ღაზის სექტორში აღმოჩნდნენ.
მისივე განმარტებით, ამ ამოცანის შესასრულებლად მშვიდი ვითარებაა საჭირო. „ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს ამ დროისთვის 50 მძევალი ემსხვერპლა“, -აღნიშნა ჰამიდმა.
დღეს „ცაჰალში“ განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში მძევლების დადასტურებული რაოდენობა 229-მდე გაიზარდა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.