„ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
„დღეს, თავდაცვის ძალებმა, მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი მოკლეს. აბუ რუკბეჰი პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე. რუკბეჰიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უპილოტო საფრენი აპარატებითა და პარაპლანებით განხორციელებულ თავდასხმებში“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯერ კიდევ გრძელდება სახმელეთო ოპერაცია ღაზაში.
„დღეს ღამით სახმელეთო ოპერაციის გაფართოება დაიწყო, თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის სიღრმეში შევიდნენ. წინსვლის დროს ტერორისტებთან რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამავე დროს, საჰაერო ძალებმა ღაზაში 150-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ საჰაერო იერიში სამხრეთ ლიბანში არსებულ „ჰეზბოლას“ ობიექტზეც მიიტანეს, გუშინ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო სროლის საპასუხოდ.