რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 25-ე დღეს
ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს. „ცაჰალის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ ათობით მებრძოლია ლიკვიდირებული. მათ შორის არიან დაჯგუფების საზღვაო ძალებისა და ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაურები.
განადგურებულია იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობები. პარალელურად, ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ებრაულმა შენაერთებმა რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს, „ჰამასი“ კი აცხადებს, რომ ისრაელს ღაზის სექტორში შეჭრის წარუმატებელი მცდელობები ჰქონდა და მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე მოახერხეს შეღწევა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.