უკრაინაში მებრძოლი 2 ქართველი ტყვედ აიყვანეს - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში საქართველოს ორი მოქალაქე აიყვანეს ტყვედ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ტელეგრამ” არხზე გავრცელებული ვიდეოს თანახმად, მათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე აიყვანეს ტყვედ. რუსული მხარის ინფორმაციით, გოგლიძე უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში გადიოდა სამხედრო სამსახურს.
რუსეთის სახელმწიფო გამოცემა “ტასის” ინფორმაციით, ასევე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს გიორგი ჩუბეთიძეც. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, იგი სამხედრო სამსახურს, ასევე, უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში გადიოდა.
ტყვედ ჩავარდნილების ოჯახის წევრებთან ინტერვიუ "პირველებმა" ჩაწერა. ისინი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყვეს.
ახლა გავიგე ტელევიზორით მე, გუშინ გავიგე. უკრაინაში არ იყო ეგ წასული, გერმანიაში იყო წასული, მერე იქიდან არ ვიცი, როდის გადავიდა, - ამბობს გოგლიძის ბებია.
გოგლიძე წლების განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა, ომის დაწყების შემდეგ კი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა, უკრაინაში ჩავიდა და საერთაშორისო ლეგიონს შეუერთდა. რაც შეხება შუბითიძეს, ის უკრაინაში დაახლოებით 10 წელი ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქართველი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ დონეცკის მახლობლად აიყვანეს.
ქართველების ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. გაავრცელეს ასევე ვიდეომიმართვებიც, სადაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ დაწერილი ტექსტებით ალაპარაკებენ, რომელიც რუსული პროპაგანდისტული შინაარსისაა. ერთ-ერთს ძალადობის კვალი სახეზე ეტყობა, რაც ცხადყოფს, რომ ქართველებს ტექსტის წაკითხვა ზეწოლის ქვეშ მოუწიათ.