თურქეთში არჩევნებს დიდ ქალაქებში ოპოზიცია იგებს
თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ სტამბოლსა და ანკარაში დიდი გამარჯვება მოიპოვა.
სტამბოლში მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 50 %-ი მიიღო და დაამარცხა კონკურენტი, მურათ ქურუმი ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან“
ოპოზიციის კანდიდატი, მოქმედი მერი მანსურ იავასი ლიდერობს დედაქალაქ ანკარაშიც. BBC-ი წერს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი დარტყმაა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა.
,,შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა" - ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ასევე ლიდერობს თურქეთის ბევრ სხვა დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირში, ბურსაში, ადანასა და ანტალიაში.
თურქეთში მუნიციპალური არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა.