პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ. მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ერევანი ბაქოს ოთხ სოფელს დაუბრუნებს, რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა.
საუბარია სოფლებზე - ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო ბოლო წლებში მიტოვებული იყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში აღნიშნული მონაკვეთებიდან სამხედროები გაიყვანონ და იქ სასაზღვრო სამსახური განათავსონ.
„არ ვისურვებდი, რომ ის, რაც მოხდა გადამეტებულად შეგვეფასებინა, მაგრამ არც ამის დაკნინება მსურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსი მესაზღვრეები ტავუშის რეგიონს დატოვებენ.
„რუსული ბაზები იქ შექმნილი სიტუაციის გამო გაჩნდა და ის რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, სიტუაციის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს და ამ ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანმა ისიც აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები უკვე კონტაქტზე არიან.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის სახელმწიფო კომისიების სხდომა 19 აპრილს გაიმართა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთი აზერბაიჯანს ოთხ სოფელს დაუბრუნებდა.