რეგიონი
ერევანში ათი ათასობით მომიტინგე ფაშინიანის გადადგომას ითხოვს
სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა 20:00 საათამდე მისცეს.
ეს მოთხოვნა აქციაზე არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალასტიანმა გამოაცხადა. გალასტიანი არის მოძრაობის, "ტავუში სამშობლოს სახელით" ხელმძღვანელი. ის და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.
ამ მოთხოვნით მან საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, რომელიც სოფელ კირანციდან დაიწყო და დღეს ერევანში დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბაგრატ გალასტიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დასატოვებლად ერთსაათიანი ვადა მისცა და განაცხადა, რომ მზადაა, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს, რათა მისი ხელისუფლებიდან წასვლის პირობები განიხილოს.
ცნობისთვის, სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება. საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შეთანხმებასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსება შეაჩერა - ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანი ბადალიანი ავრცელებს და ამბობს რომ 2023 წლის ნოემბერში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტს სომხეთი არ შეუერთდება.
მანამდე კი სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ОДКБ არაერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ ,,სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ორგანიზაცია არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ კითხვებს".
გააზიარეთ :