სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს შეხვედრაზე მიიწვიეს
სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს შეხვედრაზე მიიწვიეს. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამ ღონისძიებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის ატარებს.
„ველოდებით, რომ შეხვედრაში ორივე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას,“ – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
ო’ბრაიენის თქმით, ღონისძიებაში ნატო-ს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, უზრუნველყოს აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
„იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები რაც შეიძლება მალე იპოვიან შეხვედრის შესაძლებლობას. ეს თუ ვაშინგტონში მოხდება, ჩვენ მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ისინი და შევასრულოთ ის როლი, რომლის შესრულებაც შეგვიძლია. არის კომუნიკაციის ბევრი არხი და ორივე მხარე ინარჩუნებს ძალიან ეფექტიან პირდაპირ კომუნიკაციას. ჩვენ ამ პროცესში როგორც მეგობრები, ისე ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.
ო’ბრაიენის თქმით, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ ბოლო შეთანხმებები ორი ქვეყნის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა ვაშინგტონში შეშფოთებას არ იწვევს.
„საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ მედიიდან გავიგეთ. ასე რომ, ეს არ არის შეთანხმებული ძალისხმევა. სომხეთი ცდილობს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო, ვფიქრობ, პარტნიორად რომელიც დამოკიდებული არ არის რუსეთზე, რადგან რუსეთის დახმარება ხშირად ხდება გარკვეული პირობებით და გავლენით, რაც, ჩემი აზრით, უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზე“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.
ცნობისთვის, ვაშინგტონში 9-11 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტში საქართველოს დელეგაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.