ევროკავშირი სომხეთისთვის 10 მილიონ ევროს დაამტკიცებს
სომხეთი მიიღებს 10 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ სამხედრო დახმარებას ევროკავშირისგან, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა საწინააღმდეგო პოზიცია შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს აზერბაიჯანისთვის თანაბარი თანხების გამოყოფის სანაცვლოდ მოხდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირი ამ პაკეტს 22 ივლისს დაამტკიცებს.
"ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მზად არის მწვანე შუქი აანთოს“, — უთხრა რადიო თავისუფლებას ევროკავშირში დიპლომატიურმა წყარომ.
გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთი დათანხმდა ვეტოს მოხსნას მას შემდეგ, რაც მისთვის მისაღები აღმოჩნდა კომპრომისი, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანი მიიღებს თანხებს, 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, მათი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიების განაღმვის მიზნით.
ივნისის ბოლოს, ევროკავშირმა განაცხადა, რომ აძლიერებს ფინანსურ მხარდაჭერას აზერბაიჯანში განაღმვის მცდელობებისთვის, ამისთვის კი 2024-2025 წლებში 10 მლნ ევროს გამოყოფს.
სომხეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები ბოლო ათწლეულის განმავლობაში, უმეტესად, დაძაბული იყო; სომხეთმა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2012 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელმაც 2004 წელს ბუდაპეშტში ნატოს სასწავლო პროგრამის დროს სომეხი ჯარისკაცი ნაჯახით მოკლა.
ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 2022 წლის ბოლოს აღადგინა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, სომხეთისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გამოყოფას 2023 წლის ნოემბერში შეთანხმდა. მანამდე, სომხეთმა ამ პროგრამის მეშვეობით თავდაცვითი დახმარებისთვის მიმართა გაერთიანებას, თუმცა უარი მიიღო.