ევროკავშირმა სომხეთს ევროპული პერსპექტივის მინიჭებით უნდა უპასუხოს
გერმანიის მთავრობის სამხრეთ კავკასიის კოორდინატორი, ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია, - რომელიც ამჟამად შეჩერებულია, - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული; ასევე, ამბობს, რომ სომხეთის მთავრობა ავლენს ევროკავშირთან დაახლოების ცხად სურვილს, რაც ევროკავშირისგან პასუხს საჭიროებს.
ბუნდესტაგის წევრი „მწვანეებიდან“, რობინ ვაგენერი, რომელიც ამავე დროს არის გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად აცხადებს:
„ევროკავშირში გაწევრების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და თარიღებზე საუბარი არ მსურს. თუმცა ვიტყოდი, რომ ევროკავშირმა და გერმანია მკაფიოდ განაცხადეს, რომ ევროპის გაფართოების გაფართოები პროცესი არის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ძალიან მნიშვნელოვანი“.
რადიო თავისუფლების კითხვაზე ვაგენერმა თბილისში ვიზიტისას, 10 ივლისს აღნიშნა: „ევროკავშირის მიზანია 2030 წლისთვის გაფართოება. იმის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების შემთხვევაში, ამის საპირისპიროდ კი სომხეთის მთავრობის რიტორიკას, - რომ შესაძლოა შეიტანონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, - როგორ იცვლება მოვლენები ევროკავშირის გადმოსახედიდან სამხრეთ კავკასიაში“?
ვაგენერი ამბობს, რომ თარიღებზე არ ისაუბრებს, რადგან ეს არასწორად მიაჩნია და ცალ-ცალკე აფასებს რეგიონის სამივე ქვეყნის ურთიერთობებს ევროკავშირთან.
„ჩვენს ინტერესებში შედის, გავაგრძელოს [საქართველოს ევროინტეგრაციის] პროცესი, ახდეს ქართველი ხალხის სურვილი ევროინტეგრაციისათვის. ეს პროცესი ყოველთვის დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე“.
გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა მანამდე განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი შეჩერებულია.
სომხეთთან დაკავშირებით ვაგენერი აცხადებს, რომ „ჩვენ ვხედავთ მთავრობას, რომელმაც მიიღო ძალიან ცხადი გადაწყვეტილებები ევროკავშირთან დასაახლოებლად, და ძველი ალიანსებისგან ჩამოსაშორებლად“.
„ვფიქრობ, - და ესეც ცხადად გამოხატა ბუნდესტაგმა, - გონივრული იქნება, რომ ამას ვუპასუხოთ რაიმე სახის ევროპული პერსპექტივით. ამ წუთას ეს გულისხმობს სომხეთის მთავრობასთან თანამშრომლობის ზრდას, ასევე რეფორმების პროცესის, ქვეყნის სტაბილიზაციისა და დევნილების საკითხში მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა ვაგენერმა.
სომხეთმა გაყინა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობა. მისი მთავრობა საუბრობს ევროკავშირში გაწევრების სურვილზე და საპასუხოდაც დადებით სიგნალებს იღებს ბრიუსელისგან. 2024 წლის 14 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს წინადადებას, განხილულ იქნეს სომხეთისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ვაგენერი ასევე ამბობს, რომ „აზერბაიჯანის მიმართ არსებობს ევროპული ინტერესი თანამშრომლობის კუთხით და აზერბაიჯანსაც აქვს თანამშრომლობის ინტერესი არა მხოლოდ სხვა მიმართულებებით, არამედ ევროკავშირთანაც“.