უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის ნაწილი დაიკავეს
რუსეთში, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.
„მტრის ძალების მიერ რეგიონში შესვლის შედეგების აღმოსაფხვრელად მივიღე გადაწყვეტილება, კურსკის რეგიონში 7 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადო“, – წერს სმირნოვი ტელეგრამ არხში.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს იმასაც, რომ რამდენიმე რაიონში რთული ოპერატიული მდგომარეობაა.
„ჩემი ხელმძღვანელობით, ოპერატიული შტაბი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. სიტუაციას პირადად ვაკონტროლებ. კურსკის მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას ვიღებთ“, – აღნიშნავს სმირნოვი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. ტელეგრამარხების ცნობით, საერთო ჯამში, ოლქში 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს. შვიდი აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ქალაქ სუჯის სიახლოვეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს გაკეთებული განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერეს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.
“ყველა ხედავს, რომ უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია და შედეგების მიღწევა შეუძლია. ამას ბრძოლის ველი აჩვენებს, სადაც ჩვენმა მებრძოლებმა არა მხოლოდ გაძლეს ოკუპანტების უფრო დიდი ძალის წინააღმდეგ, არამედ მას ისე ანადგურებენ, როგორც ეს საჭიროა უკრაინის - ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის - დაცვისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდედენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ამ ომში უკრაინელები მუდმივად ახალ რაღაცებს სწავლობენ და დროის განმავლობაში უკრაინის პარტნიორებსაც გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გამოცდილება გადაიღონ.
“იარაღის ახალი სახეობები - და ახალი იარაღის გამოყენების შედეგებით შეგვიძლია ვიამაყოთ. მოკლე დროში ბევრი რამ გაკეთდა ისეთი, რისკენაც სხვა სახელმწიფოები მიდიან ან მიდოდნენ ათწლეულების განმავლობაში…
ჩვენი პარტნიორები დროის განმავლობაში უნდა სწავლობდნენ ჩვენგან თანამედროვე გადაწყვეტილებებსა და ეფექტიანობას, შედეგების მიღწევის უკრაინელების შესაძლებლობას”, - განაცხადა ზელენსკიმ.