რეგიონი
კურსკში ათამდე აფეთქების ხმა იყო, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა
კურსკში ათამდე აფეთქების ხმა იყო. როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, აქტიურად მუშაობს რუსეთის ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემა.
სააგენტოს ცნობით, აფეთქებამდე ქალაქში ასევე ისმოდა საჰაერო განგაშის ხმა.
მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც კურსკში აქტიურად გრძელდება უკრაინელების მხრიდან იერიში. როგორც რუსეთში აცხადებენ, ამ დროისთვის საზღვრისპირა რაიონებიდან 76 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა.
რუსეთში, კურსკის რეგიონში უკრაინამ ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და სწრაფი ბრიგადა გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საუბარია მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაზე. „ფორბსის თანახმად, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ვიდეოში გამოჩნდა „ტე-64“-ის და „ტე-80“-ის ტიპის ტანკები, საინჟინრო მანქანები, „ბეტეერ-80“-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების და ამერიკული წარმოების „სტრაიკერის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებიც უკრაინის ნაღმმტყორცნელთა ბრიგადასთან ერთად გადაადგილდებოდნენ. გამოცემა წერს, რომ ეს ხაზს უსვამს კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციის მასშტაბებს.
„ფორბსის“ ცნობით, უკრაინის მიმდინარე ოპერაცია სხვებისგან განსხვავებულია, რადგან მასში ჩართულია, სულ მცირე სამი ბრიგადა, თითოეულში 2 000-მდე ჯარისკაცით: 22-ე და 88-ე მექანიზებული ბრიგადები და მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა.
გააზიარეთ :