რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩაღეს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩაღეს.
„ენერგოდარი. ნიკოპოლიდან ვაფიქსირებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გააჩინეს. ახლა რადიაციის დონე ნორმალურია. მაგრამ სანამ რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია არ არის და არ შეიძლება იყოს ნორმალური. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის და მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ელოდება მსოფლიოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას.
მოგვიანებით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული მდგომარეობის ცვლილება არ დაფიქსირებულა და არც ხელოვნური წარმოშობის რადიონუკლიდები გამოვლენილა.
ამასთან, საოკუპაციო ე.წ. „ხელისუფლება“ ენერგოდარის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო რადიაციული ფონი ნორმალურია.