რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა, 20 აგვისტოს ღამეს კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერი კვლავ ურტყამს კიევს. სარაკეტო და დრონებით ტერორი არ წყდება! ღამით ოკუპანტებმა დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. დღეს დილით კი ფრთოსანი რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა“, - აღნიშნულია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებაში.
მისი თქმით, ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს ჩრდილოეთის მიმართულებიდან, სავარაუდოდ, „ისკანდერის“ ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.
„ეს უკვე მეხუთე სარაკეტო შეტევა იყო კიევზე ამ თვეში! რაკეტები საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში ნგრევა და მსხვერპლი არ არის“, - აღნიშნა პოპკომ.
მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისიდან, რუსეთის დარტყმის საფრთხის გამო, დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში უკვე 41-ჯერ გამოცხადდა.