უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა. ეს განცხადება პუტინმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინ-შეხვედრისას გააკეთა.
კრემლის ლიდერის თქმით, მოსკოვმა ინციდენტის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სააგენტოს მომხდარზე სათანადო რეაგირება ექნება.
ვიდრე პუტინი ონლაინ შეხვედრებს მართავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა ხარკოვის ოლქში, ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდა და თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით წაიწია წინ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ტერიტორია, რომელსაც მანამდე ოკუპანტები აკონტროლებდნენ და დაიკავეს მტრის საყრდენი პუნქტები.
ბრიგადის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებს, ფრონტის რომელ მონაკვეთზე ახორციელებენ კონტრშეტევას.