რეგიონი
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ამჟამად მიმდინარე სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას 28 თებერვალს, თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო განიხილავს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებს, ავტომანქანებს, საბრძოლო მასალასა და რაკეტებს შეეხება, რომელიც უკრაინაში გასაგზავნად მზად არის.
ამასთან, ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში პარასკევს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირება წინასწარგანზრახული არ ყოფილა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრის ფიასკოდ გადაქცევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა სურს.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ხმამაღალი კამათის შემდეგ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა. მომხდარის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „მშვიდობისთვის მზად არ არის“.
გააზიარეთ :