1 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია მოხეს სადავო შენობის თაობაზე იმსჯელებს. შეხვედრა ახალციხეში გაიმართება.
წინა სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოხის მოსახლეობას გადაწყვეტილება გააცნო. სადავო შენობა არც მართლმადიდებლებს და არც მუსლიმებს გადაეცემათ. სამაგიეროდ, კომისიამ მუსლიმი მრევლისთვის სალოცავის მიღების ორი ვარიანტი შესთავაზა: 1. გამოეყოთ ალტერნატიული ფართი, სადაც მეჩეთი სახელმწიფო ხარჯებით აშენდება და 2. სახელმწიფო გამოისყიდის სალოცავს, სადაც ამ დრომდე ლოცულობდნენ და მუსლიმებს გადასცემენ.
კომისიის თავმჯდომარის შეთავაზება მუსლიმმა მრევლმა თავდაპირველად მოიწონა, თუმცა ლიდერების მრევლთან მსჯელობის შემდეგ, მათ ორივე შეთავაზებული ვარიანტი დაიწუნეს და განაცხადეს, რომ სადავო შენობის წარმომავლობისა და ისტორიული მესაკუთრის დადგენა ისევ ვერ მოხდა. ამიტომ ვერცერთ ვარიანტს მიიღებდნენ. უფრო მეტიც, 25 ნოემბერს მოხეს მუსლიმმა მოსახლეობამ განცხადება გაავრცელა, სადაც კომისიას უნდობლობა გამოუცხადა, მისი გაუქმება მოითხოვა და შენობის ბედის გადაწყვეტა პრემიერ მინისტრს მიანდო.
გააცნობს თუ არა მოხეს სადავო შენობის კომისია ახალ გადაწყვეტილებას მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს, ან რა გზით გადაწყდება სადავო შენობის ბედი ეს ცნობილი ხვალ, 1 დეკემბერს კომისიის მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გახდება.
თიკო კურტანიძე