სიახლეები
დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს
საიდუმლო სერობა, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანა, გეთსიმანიის ბაღში ლოცვა და იუდას გამცემლობა - მართლმადიდებლური ტაძრის მრევლი რელიგიურ დღეებს იხსნებს.
ვნების შვიდეული მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეებია. ამ დღეების გახსენებით ყოველი ქრისტიანი სულიერად ბრუნდება იმ სამყაროში, სადაც მაცხოვარი ჯერ კიდევ კაცობრიობის გვერდით იყო.
ვნების კვირის დღეები განსაკუთრებით მძიმეა და თავისებური. წმინდა მამების სწავლებით, ვნების შვიდეულის დღეებით იკურთხება მთელი წლის დღეები.
ქრისტიანებისთვის ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ამ დღეს ქრისტემ უკანასკნელი სერობა (ვახშმობა) გაუმართა 12 მოციქულს და თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა.
საიდუმლო სერობის დაწყებამდე მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს ფეხები დაბანა, ნიშნად სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა. დიდი ხუთშაბათის მსახურებაზეც მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: მაცხოვარმა მსგავსად მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს ბანს ფეხებს.
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა მირონის კურთხევა შეიძლება.
დიდი ხუთშაბათის საღამოს კი დიდი პარასკევის ცისკარი სრულდება, რომლის დროსაც ე.წ. თორმეტი სახარება, ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა. „თორმეტი სახარების" კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.
თორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიით ემთხვევიან და ტაძარს ტოვებენ.
დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში საღვთო ლიტურგია აღევლინება.
გააზიარეთ :