რეგიონი
„ბაკურიანის გამო, ტურისტულ სოფლებს ვკლავთ“ - სადგერის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის მოსახლეობამ აქცია გამართა. მოქალაქეები მათ სოფელში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების განათავსებას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივების თქმით, ანძები სახლებთან ახლოს, ხშირ შემთხვევაში კი ნაკვეთებში დადგეს. ამის გამო იძულებულნი არიან, სახნავ-სათესი მიწები დაუმუშავებელი დატოვონ. მოსახლეობამ საპროტესტო აქციაზე მოითხოვა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი სოფლის გვერდის ავლით გაკეთდეს.

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელექტროგადამცემ ხაზში 110 000 ვოლტმა უნდა გაიაროს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ხაზის სიმძლავრე ისევ 35 000-კილოვოლტი რჩება. რაც შეეხება სადავო პროექტს - კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ადგილზე ელექტროგადამცემი ანძები ადრეც იდგა, ახლა კი მათი ჩანაცვლება მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, „ენერგო პრო ჯორჯია“ სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს.

„მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ადგილობრივების თხოვნა, ზოგიერთ შემთხვევაში ეზოებიდან გამოვიტანეთ ბოძები, მოსახლეობას შევხვდით და დეტალურად განვუმარტეთ მიმდინარე სამუშაოები“,
- გვითხრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. ავთო დვალიშვილმა გვითხრა, რომ სამუშაოები ზაფხულში უნდა დასრულდეს.

| Print |