რეგიონი
სომხეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება
19 დეკემბერს სომხეთი მთიან ყარაბაღში ომის დროს დაღუპულთა გამო სამდღიან გლოვას გამოაცხადებს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, 19 დეკემბერს კონფლიქტის ზონაში ბრძოლების დასრულებიდან 40 დღე სრულდება.

შესაძლოა, 19 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ყველა ცხედარი არ იყოს ნაპოვნი, ბევრი ამოუცნობი გვამი იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთი სახელმწიფო გადაწყვეტილების გადადება აღარ შეიძლება,” - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 3300 კაცს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ - 10, 17 და 26 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა.

მთიანი ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი საბოლოოდ 10 ნოემბერს შეთანხმდნენ.
| Print |