რეგიონი
მივიღე სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილება - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა და უკრაინის სამხედროებს მოუწოდა იარაღი დაყარონ, მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილებებისა და გლობალური მოწოდებებისა, მოსკოვს არ დაეწყო ომი. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანი სამოქალაქო პირების დაცვაა.

"მივიღე სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილება" - განაცხადა მან ხუთშაბათს, მოსკოვის დროით დილის 6 საათამდე ცოტა ხნით ადრე, მოულოდნელ სატელევიზიო გამოსვლაში.

პუტინის გამოსვლას წინ უსწრებდა კრემლის განცხადება, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მეამბოხეებმა მოსკოვს სამხედრო დახმარების გაწევა სთხოვეს, კიევის წინააღმდეგ.

პუტინმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი პასუხია უკრაინიდან მომდინარე საფრთხეზე. მისი თქმით, რუსეთი არ გეგმავს უკრაინის ოკუპაციას და მისი სურვილია უკრაინის "დემილიტარიზაცია" და "დენაციფიკაცია".

პუტინმა სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა დააკისრა უკრაინის "რეჟიმს". მან სხვა ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის მოქმედებაში ნებისმიერი ჩარევა მოიტანს "შედეგებს, როგორიც მათ არასოდეს უნახავთ".

„რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვინც შეიძლება ცდუნდეს და მიმდინარე პროცესებში გარედან ჩაერიოს. ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეგვიშალოს და უფრო მეტიც, შეუქმნას რაიმე საფრთხე ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება დაუყოვნებლივი და მიგვიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე თქვენი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოგიცდიათ. ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით უკვე მიღებულია. იმედი მაქვს, რომ ჩემი ნათქვამი გაგონილი იქნება,“- განაცხადა პუტინმა.

პუტინის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის მოქალაქეებს ემოციური სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სთხოვა არ დაუჭირონ მხარი "მასშტაბურ ომს ევროპაში".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ მან უკრაინელებისადმი მიმართვისას განაცხადა.

"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას ", - განაცხადა ზელენსკიმ.


| Print |