რეგიონი
კრემლს პასუხს ვაგებინებთ - რა ინიციატივებით გამოდიან დასავლეთის ლიდერები
დასავლეთის ლიდერები უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ერთიმეორის მიყოლებით აკეთებენ და სხვადასხვა ინიციატივებით გამოდიან. სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის ქმედებას გმობს.

,,ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ საათებში, ჩვენი ფიქრები უკრაინასთან და უდანაშაულო ქალებთან, კაცებთან და ბავშვებთანაა, რადგან მათ უწევთ გაუმკლავდნენ ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას. კრემლს ამისთვის პასუხს ვაგებინებთ" - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერზე.

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კი უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, უკრაინელი ხალხს სასწრაფოდ უნდა გადასცენ იარაღი და საბრძოლო მასალა.

,,რუსეთის აგრესია უნდა დავგმოთ ყველაზე მკაცრად, რაც შესაძლებელია, შემოვიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ პოლიტიკურად მისი იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტეროტორიული მთლიანობას. სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს. Slava Ukraini!" - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორი მარკო რუბიო კი აღნიშნავს, რომ რუსეთმა პოლონეთის საზღვართან ოპერაციები ჩაატარა.

,,ერთ-ერთი ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა არის ის, რომ რუსეთმა რამდენიმე მიზანმიმართული ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან სახიფათოდ ახლოს. ეს არის არასწორი გაანგარიშებისა და ადამიანური შეცდომის საფრთხე, რამაც, შესაძლოა, სწრაფად გამოიწვიოს კატასტროფული ესკალაცია" - წერს Twitter-ზე სენატორი მარკო რუბიო.

გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

,,დღეს მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა: პრეზიდენტო პუტინო, შეაჩერეთ ჯარები უკრაინაზე თავდასხმისგან. მიეცით მშვიდობას შანსი. უკვე უამრავი ადამიანი დაიღუპა," - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

პუტინმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში - მათ შორის, კიევში, აფეთქებების ხმა ისმის.
| Print |