რეგიონი
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების III რაუნდი დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?
უკრაინა - რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა.

უკრაინული მხარის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ არის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ „რაღაც შეთანხმებამდე მისვლას" ეცდებიან.

„ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ამჯერად შევთანხმდით, რომ რაღაც შეთანხმებამდე მისვლას ვეცდებით. ის შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ გვაქვს“, - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

თავის მხრივ, შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინულ ტელეარხ „ბელტასთან“ კომენტარი რუსულმა მხარემაც გააკეთა. დელეგაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ მედინსკიმ აღნიშნა, რომ ხვალიდან ჰუმანიტარული დერეფნები ამოქმედდება და დასძინა, რომ სხვა საკითხებთან დაკავშირებით რუსულ მხარეს შეთახმების მიღწევის მეტი მოლოდინი ჰქონდა.

„დღეს ჰუმანიტარული დერეფნების პრობლემას დიდხანს განვიხილავდით, რომელზეც წინა შეხვედრისას შევთანხმდით, თუმცა ამ შეთანხმებამ არ იმუშავა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ადგილზე მათი ხელმძღვანელობის ბრძანების შეუსრულებლობის გამო. ვიმედოვნებთ, რომ ხვალიდან ეს დერეფნები ამოქმედდება. უკრაინულმა მხარემ ამ მხრივ თავისი დასტური მოგვცა.

გარდა ამისა პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებზე დისკუსია გაგრძელდა, რთულად ის არ მიმდინარეობს მარტივად და რაიმე პოზიტიურის თქმა ჯერ ადრეა",
- განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.

რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის შეხვედრა საქართველოს დროით დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ დაიწყო.
ასევე ნახეთ:

| Print |