რეგიონი
ომის მე-13 დღე, უკრაინა მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 406 მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ასეთია გაეროს მონაცემები 12 დღის თავზე. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ცნობით, დაიჭრა 800-ზე მეტი მოქალაქე უკრაინაში, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ შესაძლოა რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ 7 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან რუსული სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 11 000-ს აჭარბებს. საკუთარ შეიარაღებულ ძალებში დანაკარგების შესახებ უკრაინა არაფერს იუწყება.

გენერალური შტაბის ცნობითვე, უკრაინის არმიამ 12 დღეში გაანადგურა რუსების 290 ტანკი, 999 ჯავშანმანქანა, 117 საარტილერიო სისტემა, ზალპური ცეცხლის 50 რეაქტიული სისტემა, 46 თვითმფრინავი, 68 ვერტმფრენი და ა.შ.

იმავე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ განმავლობაში განადგურებულია უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 2 396 ობიექტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ, 2 მარტს გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო.

| Print |