რეგიონი
რუსეთი არასდროს გაჩერდება თუ მასთან უკან დახევას დაიწყებ ან ხელს მოაწერს რაღაც შეთანხმებებს - რადას დეპუტატი
ახლა დგას ის მომენტი, როდესაც ყველა ქვეყანა, რომელიც დაზარალდა რუსეთის აგრესიული ქმედებებისგან, უნდა წამოდგეს და დაიწყოს თავისი ტერიტორიების დაბრუნება - ეს არის დნესტრისპირეთი, რომელიც ეკუთვნის მოლდოვას და ეს არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელიც ეკუთვნის საქართველოს, - ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა ივან კრულკომ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არის სამართლიანობის აღდგენის მომენტი რეგიონის მთელს პერიმეტრზე, სადაც რუსეთის ფედერაცია განგებ ქმნიდა არასტაბილურობის წერტილებს თავისი ძალაუფლების დამყარებისთვის, იმისთვის, რომ გავლენა იქონიოს ქვეყნებზე და ჰქონდეს პლაცდარმი შემდგომი თავდასხმებისთვის.

„არავის ისე, როგორც საქართველოს, არ ესმის, რა არის რუსული ოკუპაცია და რუსული აგრესია. ახლა დგას ის მომენტი, როდესაც ყველა ქვეყანა, რომელიც დაზარალდა რუსეთის აგრესიული ქმედებებისგან, უნდა წამოდგეს და დაიწყოს თავისი ტერიტორიების დაბრუნება -ეს არის დნესტრისპირეთი, რომელიც ეკუთვნის მოლდოვას და ეს არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელიც ეკუთვნის საქართველოს. ახლა არის სამართლიანობის აღდგენის მომენტი ჩვენი რეგიონის მთელს პერიმეტრზე, სადაც რუსეთის ფედერაცია განგებ ქმნიდა არასტაბილურობის წერტილებს თავისი ძალაუფლების დამყარებისთვის, იმისთვის, რომ გავლენა იქონიოს ქვეყნებზე და ჰქონდეს პლაცდარმი შემდგომი თავდასხმებისთვის.

რუსეთი არასდროს გაჩერდება თუ მასთან უკან დახევას დაიწყებ ან ხელს მოაწერს რაღაც შეთანხმებებს კაპიტულაციასთან დაკავშირებით. რუსეთი განაგრძობს შეტევას იქამდე, სანამ ყველა ქვეყანა მის წინაშე მუხლებზე არ დადგება, მაგრამ ჩვენ არ დავდგებით და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით პუტინის რეჟიმის იმ ულტიმატუმებს, რომლებსაც ის უყენებს უკრაინას.

ჩვენ არ გვსურს არავისთან ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ რუსული ჯარი წავიდეს უკრაინის ტერიტორიიდან, რათა აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა საზღვრების მთელს პერიმეტრზე, რათა დავაბრუნოთ ადამიანები თავიანთ სახლებში, რათა შევძლოთ ყველაფერი იმის აღდგენა, რაც დაანგრია რუსეთმა ომის ამ დღეების განმავლობაში და ვფიქრობ, რომ იმავეს გაკეთების მომენტია ახლა საქართველოსთვის.

თუ საქართველოს მოსახლეობა, როგორც მე მეჩვენება, ამას მხარს უჭერს, მაშინ ვისურვებდით, რომ ეს სახალხო მხარდაჭერა, ასევე, გამოხატული ყოფილიყო ოფიციალური ხელისუფლების ქმედებებში. ვისურვებდი, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად დავზარალდით რუსეთისგან, ვიყოთ მაქსიმალურად სოლიდარულები და აღვადგინოთ სამართლიანობა“
,- განაცხადა დეპუტატმა.
| Print |