რეგიონი
ინტერნეტში მარიუპოლის ადმინისტრაციის უფროსის დანიშვნის განკარგულება გავრცელდა
ტელეგრამ-არხებზე მარიუპოლის ადმინისტრაციის უფროსის დანიშვნის შესახებ განკარგულება გავრცელდა. მის გამომცემად "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მეთაური სახელდება. დოკუმენტი 2022 წლის 6 აპრილით თარიღდება და მას ხელს დ.ვ. პუშილინი აწერს.

განკარგულების თანახმად, მარიუპოლის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე კონსტანტინე ვლადიმროვიჩ ივაშჩენკო დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს.

"1. ქალაქ მარიუპოლის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნოს კონსტანტინე ვლადიმროვიჩ ივაშჩენკო.

2. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან"
- ნათქვამია დოკუმენტში.


კონსტანტინე ივაშჩენკოს შესახებ დღეს განცხადება გააკეთეს მარიუპოლის ქალაქის საბჭოშიც, იგი კოლაბორაციონისტ, თვითგამოცხადებულ მერად მოიხსენიეს.


"ამ ჯგუფების მუშაობას უშუალოდ კოორდინაციას უწევს თვითგამოცხადებული მერი-კოლაბორაციონისტი კონსტანტინე ივაშჩენკო. მრავალი წლის განმავლობაში ის და მისი თანამოაზრეები არაერთხელ ცდილობდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ საბოლოოდ მან მოახერხა მხოლოდ მარიუპოლის კრემატორიუმის დირექტორი გამხდარიყო“,
- აღნიშნეს მარიუპოლის ქალაქის საბჭოში.
| Print |