რეგიონი
"კიდევ ერთხელ შესთავაზეთ ყველას, ვისაც ჯერ არ დაუყრია იარაღი, გააკეთონ ეს“ - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ინდუსტრიულ ზონაზე თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და მისი გაუქმება ბრძანა.

მისი თქმით, ყოველთვის და ამ შემთხვევაში მით უმეტეს, აუცილებელია რუსი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ფიქრი.

„არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ჩასვლა. დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზიც ვერ შეფრინდეს. კიდევ ერთხელ შესთავაზეთ ყველას, ვისაც ჯერ არ დაუყრია იარაღი, გააკეთონ ეს“, - განაცხადა პუტინმა.

აზოვსტალის ქარხანა და მარიუპოლის მიმდებარე უბნები უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო ადგილია მარიუპოლში.

იქ უკრაინელმა სამხედროებმა, კერძოდ, აზოვის პოლკმა მიწისქვეშა ობიექტების გამოყენებით გამაგრებული პოზიციები მოაწყო.

ბოლო დღეებში რუსული ჯარები ინდუსტრიულ ზონაში შეჭრას ცდილობდნენ, ავიაცია კი მძიმე ბომბებს უშენდა.

აზოვის პოლკმა და საზღვაო ქვეითებმა დანებებაზე უარი თქვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის მიწისქვეშა შენობებში, დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა.
| Print |