რეგიონი
არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე - ჯო ბაიდენი პუტინზე
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „რაციონალური აქტორია“, თუმცა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან არასწორად გათვალა.

„ვფიქრობ, რომ ის რაციონალური აქტორია, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა“, - აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.

მისი განმარტებით, პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას - "ეს იყო არასწორი შეფასება, რომელის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა".

„ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს.

„არა მგონია, რომ ის მას გამოიყენებს“, - უპასუხა ბაიდენმა კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთის ლიდერი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს.

„ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამაზე საუბარი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში“, - დასძინა ბაიდენმა.

მისი განმარტებით, პუტინის მუქარებს დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს.

„არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე, თითქოს ეს რაციონალური რამ არის. შეცდომები დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება მოხდეს, არავის შეუძლია დარწმუნებით იცოდეს, რა მოხდება და შეიძლება არმაგედონით დასრულდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენმა არ დააკონკრეტა, როგორი იქნება აშშ-ს პასუხი, თუ პუტინი შეასრულებს ბირთვულ მუქარას.
| Print |