რეგიონი
პუტინმა უკრაინის ანექსირებულ 4 რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში: ლუჰანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ მან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ფედერაციის საბჭოს დაუყოვნებლივ გაეგზავნება.

"შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. სანამ ისინი რუსეთის შემადგენლობაში შემოვიდოდნენ, მოქმედებდა საომარი რეჟიმი. ახლა კი ჩვენ გვჭირდება გავაფორმოთ ეს რეჟიმი უკვე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის ფარგლებში. ამიტომ, მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფ ამ ოთხ სუბიექტში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. ეს დაუყოვნებლივ გაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს", - თქვა პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინა უარს ამბობს ამ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების არჩევანის აღიარებაზე და უარყოფს ნებისმიერ წინადადებას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ხერსონში მაცხოვრებლების "ორგანიზებული მოძრაობა" დნეპრის მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე დაიწყო, სადაც დროებითი განსახლების ობიექტებია განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებდნენ 50-60 ათასი მოსახლის გადაყვანას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და რუსეთის რეგიონებში.

ასევე, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას გაუგზავნა SMS შეტყობინებები ხერსონის ორგანიზებულად დატოვების შესახებ და გაფრთხილება, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ დაბომბვას საცხოვრებელ ადგილებში."

უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონთან დაკავშირებით "რთული გადაწყვეტილებების" მიღების ვარიანტი არ შეიძლება გამოირიცხოს, რადგან მისივე შეფასებით ხერსონში მდგომარეობა "რთულია."

***

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-დან 27 სექტემბრამდე რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ რეფერენდუმებში ხერსონში 87.05%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა და დონეცკში 99.23%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ანექსიის შესახებ ბათილად გამოცხადდა.
| Print |