რეგიონი
მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული
მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მოსკოვში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია ყველა უმნიშვნელოვანესი ობიექტი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები,” - განაცხადა გამოცემის წყარომ.

“ტასის” წყაროს თანახმად, "როსგვარდიის" “ომონ”-ისა და “სობრ”-ის ქვედანაყოფები განგაშის რეჟიმში არიან მოყვანილი.

ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

პრიგოჟინის თქმით, “ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია“.  მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

რუსეთი ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. ამ რეგიონებში ეს რეჟიმი პირველად შემოიღეს.

ეს რეჟიმი რიგი ღონისძიებების გატარების საშუალებას იძლევა, მათ შორისაა დოკუმენტების შემოწმება, სატელეფონო საუბრების კონტროლი, ორგანიზაციების კუთვნილი მანქანების გამოყენება მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, სახიფათო მრეწველობის შეჩერება, კომუნიკაციების შეზღუდვა, ქუჩაში მოქალაქეების მანქანებითა და ფეხით გადაადგილების შეზღუდვა და სხვა.
| Print |