რეგიონი
უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.

2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. პუტინმა განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.

ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.

ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. დღემდე, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის 800 000 ბავშვი რამდენიმე ასეულ კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზთან, უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს.

უკრაინის ტერიტორიის 20% ამ დრომდე რუსეთის ოკუპაციაში რჩება.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,ორი წელია, მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა.

უკრაინელი ხალხის თავდადება საკუთარი თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია. საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში.

სწორედ ამიტომ, ამ საშინელი ომის დაწყებისთანავე საქართველომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე უპირობოდ მხარი დაუჭირა უკრაინას, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა და აქვს უსაფრთხოების კუთხით.

ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე.

გვინდა, მოვუწოდოთ ცივილიზებულ სამყაროს, მათ ვისაც შესწევს ძალა გავლენა იქონიოს ამ სისხლისმღვრელი დაპირისპირების შეჩერებაზე, არ დაიშურონ ძალები და იმოქმედონ უკრაინის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,
" - ნათქვამია განცხადებაში.
| Print |