რეგიონი
რუსეთს უკრაინაში ომი კიდევ მინიმუმ 2 წელი შეუძლია - ლიეტუვის დაზვერვა
ლიეტუვის დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელება კიდევ მინიმუმ 2 წელი შეუძლია. ასეთი შეფასება მოამზადეს ლიეტუვის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და უსაფრთხოების დაზვერვის დეპარტამენტმა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს გააჩნია საკმარისი ფინანსური, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, რათა ომი იმავე ინტენსივობით გააგრძელოს, რომლითაც ახლა მოქმედებს.

დაზვერვის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში სასურველ, ოპერატიულ მიზნებს ვერ აღწევს, მოსკოვი ომზე მაინც უდიდეს რესურსს ხარჯავს.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი NATO-სთან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის ემზადება, კერძოდ კი ბალტიის ზღვაში. მაგალითად, ლიეტუვის დაზვერვის სამსახურს მოჰყავს ის ფაქტი, რომ რუსეთმა სამხედრო ძალების მასშტაბური რეფორმა დაიწყო - სტრუქტურული ცვლილებები კალინინგრადში და რუსეთის დასავლეთ ნაწილშია დაწყებული.

დაზვერვაში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინასთან ომი რუსეთს იმაზე ძვირი უჯდება, ვიდრე ამას 2023 წელს, სამხედრო ბიუჯეტის გაწერისას გეგმავდა. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე სამხედრო ბიუჯეტისთვის 102 მილიარდი ევრო უკვე გამოიყო, რაც მთლიანი ბიუჯეტის მესამედს შეადგენს. ამასთან, ლიეტუვის თავდაცვის უწყება ვარაუდობს, რომ დახარჯული თანხა ხსენებულ რიცხვებს საგრძნობლად აღემატება.

ლიეტუვის დაზვერვა ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთს ომის გაგრძელებაში ხელს მათ შორის სანქციების თავიდან არიდება უწყობს.
| Print |